четверг, 17 апреля 2014 г.

არმაგედონი

არმაგედონი
განმარტება: ბერძნული სიტყვა „ჰარ-მაგედონ“, რომელიც, ჩვეულებრივ, „არმაგედონად“ ითარგმნება, ნასესხებია ებრაულიდან და ნიშნავს „მეგიდოს მთას“ ანუ „ჯარების თავშეყრის მთას“. ბიბლია ამ სიტყვას „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უკავშირებს და არა ბირთვულ განადგურებას (გამოცხ. 16:14, 16). ეს სიტყვა მიუთითებს «ადგილზე [ბერძნულად „ტოპონ“, რაშიც გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება მდგომარეობა ან ვითარებაც იგულისხმებოდეს]», სადაც მსოფლიოს პოლიტიკური მმართველები, ასე ვთქვათ, იკრიბებიან იეჰოვასა და მისი სამეფოს წინააღმდეგ, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში. ეს წინააღმდეგობა გამოვლინდება იმაში, რომ ისინი მთელ მსოფლიოში დაუპირისპირდებიან იეჰოვას მსახურებს, ღვთის სამეფოს წარმომადგენლებს.

მისცემს ღმერთი ადამიანებს იმის უფლებას, რომ დედამიწა ბირთვული იარაღით გაანადგურონ, რასაც ზოგი არმაგედონთან აკავშირებს?
ფსალმ. 96:10: «გამეფდა იეჰოვა. მიწაც [ებრაულად „თეველ“, ანუ ნაყოფიერი და დასახლებული დედამიწა] დაფუძნდა და არ მოირყევა».
ფსალმ. 37:29: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.
გამოცხ. 11:18: „ხალხები განრისხდნენ, მოვიდა [იეჰოვა] შენი რისხვა და დანიშნული დრო, რათა . . . მოსპო დედამიწის მომსპობნი“.
რას გულისხმობს ბიბლია სიტყვა „არმაგედონში“?
გამოცხ. 16:14, 16: „ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს. შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“.

მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მოხდება არმაგედონი?
ყველა ქვეყნის მმართველები და შეიარაღებული ძალები გაერთიანდებიან ღვთის წინააღმდეგ.
გამოცხ. 16:14: „ისინი . . . მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“.
გამოცხ. 19:19: „ვიხილე მხეცი [ადამიანთა პოლიტიკური მმართველობა], დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“.
იერ. 25:33: „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“.
სიტყვა „არმაგედონი“ არ მიუთითებს იმაზე, რომ ბრძოლა მეგიდოს მთასთან მოხდება.
სინამდვილეში მეგიდოს მთა არ არსებობს. იქ, სადაც ძველი მეგიდოს ნანგრევებია შემორჩენილი, არის მხოლოდ ბორცვი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 21 მეტრია.
„მთელი მსოფლიოს“ მეფეები და სამხედრო ძალები ვერ დაეტევიან ეზდრაელონის ველზე, მეგიდოს დაბლა. ველს სამკუთხედის ფორმა აქვს, სიგრძეში 32 კილომეტრია, სიგანეში კი (აღმოსავლეთისკენ) 29 კილომეტრი („The Geography of the Bible“, დენის ბეილი, ნიუ-იორკი, 1957, გვ. 148).
ეს სახელწოდება შესაფერისია, თუ გავითვალისწინებთ ისტორიაში ქალაქ მეგიდოს როლს. მეგიდოს დაბლა მდებარე ველზე გადამწყვეტი ბრძოლები იმართებოდა.
იეჰოვამ იქ დაამარცხებინა მსაჯულ ბარაკს ქანაანელთა ჯარის მეთაური სისერა (მსაჯ. 5:19, 20; 4:12—24).
ეგვიპტის ფარაონ თუტმოს III-ს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „რაღა ათასი ქალაქი აგიღია და რაღა მეგიდო!“ („Ancient Near Eastern Texts Relating to the Old Testament“, რედაქტორი ჯეიმზ პრიჩარდი, პრინსტონი, ნიუ-ჯერზი, 1969, გვ. 237).
მეგიდო (ნიშნავს „ჯარების თავშეყრას“) სათანადოდ არის ნახსენები, რადგან არმაგედონში იგულისხმება მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა, რომელთანაც კავშირი ექნებათ ყველა შეიარაღებულ ძალებს და მმართველთა სხვა მხარდამჭერებს.

ვინ ან რა განადგურდება არმაგედონში?
დან. 2:44: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს. . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.
გამოცხ. 19:17, 18: «ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“».
1 იოან. 2:16, 17: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“.
გამოცხ. 21:8: „მხდალებისა და ურწმუნოების, ბინძურებისა და მკვლელების, მეძავების, სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა და ყველა მატყუარას ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“.

სამუდამო იქნება ეს განადგურება?
მათ. 25:46: «ესენი [ვინც სიკეთეს არ უკეთებს ქრისტეს „ძმებს“] მარადიულად მოიკვეთებიან».
2 თეს. 1:8, 9: „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ . . . სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“.

გადარჩება ვინმე?
სოფ. 2:3: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“.
რომ. 10:13: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.
ფსალმ. 37:34: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“.
იოან. 3:16: „ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
გამოცხ. 7:9, 10, 14: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ „ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან“».

რა მოუვათ არმაგედონში ბავშვებს?
ბიბლიაში პირდაპირი პასუხი არ არის ამ კითხვაზე და ამას ზუსტად ვერც ჩვენ ვიტყვით. ბიბლიიდან ჩანს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების შვილებს ღმერთი „წმინდებად“ მიიჩნევს (1 კორ. 7:14). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ძველ დროში ღმერთი ბოროტებს მათ ბავშვებთან ერთად ანადგურებდა (რიცხ. 16:27, 32; ეზეკ. 9:6). ღმერთს არავის განადგურება არ სურს, ამიტომ ის დღეს იძლევა გაფრთხილებას როგორც მშობლების, ისე შვილების გადასარჩენად. განა გონივრული არ იქნება, მშობლებმა ისეთი გზა აირჩიონ, რომ მათმა ბავშვებმა ახლაც და არმაგედონის დროსაც ღვთის თვალში წყალობა პოვონ?

თუ ღმერთს უყვარს ადამიანები, რატომღა ანადგურებს ბოროტებს?
2 პეტ. 3:9: „იეჰოვა მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“.
ლუკ. 18:7, 8: „განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია მათ მიმართ? გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს“.
2 თეს. 1:6: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ [მის მსახურებს] გაგდებთ გასაჭირში“.

შეიძლება ნეიტრალური პოზიციის დაკავება?
2 თეს. 1:8: „შურს იძიებს მათზე, ვინც [საკუთარი სურვილით] არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“.
მათ. 24:37—39: „როგორც ნოეს დროს არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“.
მათ. 12:30: „ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს“.
შეადარეთ მეორე კანონის 30:19, 20.

ვისი გავლენით გაილაშქრებენ სახელმწიფოები ღვთის წინააღმდეგ?
გამოცხ. 16:13, 14: „ვიხილე ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა, რომლებიც დრაკონის [სატანა ეშმაკის; გამოცხ. 12:9] პირიდან, მხეცის პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა. ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“.


შეადარეთ ლუკას 4:5, 6; 1 იოანეს 5:19; აგრეთვე საქმეების 5:38, 39; 2 მატიანეს 32:1, 16, 17.

Комментариев нет:

Отправить комментарий