четверг, 17 апреля 2014 г.

უნდა გქონდეთ არმაგედონის შიში?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა გქონდეთ არმაგედონის შიში?

რა არის „არმაგედონი“? მარტივად რომ ვთქვათ, ამ სიტყვაში ნაგულისხმევია ვითარება ანუ შექმნილი პირობების ერთობლიობა, როცა ქვეყნიერების მმართველები იკრიბებიან ღვთისა და მისი სამეფოს წინააღმდეგ, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში. ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „გამოცხადებაში“, აღწერილია, რომ მოციქულმა იოანემ ნახა ხილვა, რომელშიც მმართველები უპირისპირდებიან ღმერთს და იკრიბებიან სიმბოლურ ადგილზე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება.
ბიბლიაში სიტყვა „არმაგედონი“ მხოლოდ ერთხელ გვხვდება, მაგრამ დღეს ზოგ ენაში მას საკმაოდ ხშირად იყენებენ გადატანითი მნიშვნელობით. ამ სიტყვაში გულისხმობენ დიდ თუ პატარა უბედურებებს — ბირთვული გენოციდით დაწყებული, კომპიუტერული ვირუსით დამთავრებული. ეგრეთ წოდებულ სამყაროს აღსასრულზე და არმაგედონის წინადღეებზე მრავალი პოპულარული წიგნია დაწერილი. ამ თემაზე დაწერილი წიგნების ერთი სერიის 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.
ზოგს არმაგედონის შიში აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ტერორისტებისა და აგრესორების მოქმედება, ასევე უბედურებები, რომელთა გაკონტროლების ძალაც ადამიანს არ შესწევს, გლობალური კატაკლიზმის მიზეზი გახდება და დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იარსებებს. სხვების აზრით, დანიშნულ დროს ღმერთი თვითონვე გაანადგურებს ჩვენს პლანეტას და ყველაფერს, რაც მასზეა. ასეთი მომავალი მართლაც შიშის მომგვრელია. მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში ‘ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს არმაგედონში საომრად შეკრება’? (გამოცხადება 16:14, 16).

განადგურდება დედამიწა?
არმაგედონში ყველა ადამიანი არ განადგურდება. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“ (2 პეტრე 2:9). ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი თავის უსაზღვრო ძალას სრულყოფილად გააკონტროლებს. მისი რისხვის სამიზნე მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც არ ემორჩილებიან ღვთის უზენაეს ძალაუფლებას. შემთხვევით არავინ დაიღუპება (ფსალმუნები 2:2, 9; დაბადება 18:23, 25).
ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა ღმერთს არ სურს ჩვენი პლანეტის განადგურება. ის ბოლოს მოუღებს ბოროტ ადამიანებს, რომლებიც უპირისპირდებიან მის მმართველობას. ღმერთი სწორედ ასე მოიქცა ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის დროს (დაბადება 6:11—14; 7:1; მათე 24:37—39).

შიშის მომგვრელი „დღე“
მოახლოებულ განადგურებასთან დაკავშირებული მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება ნამდვილად შიშის მომგვრელია. მაგალითად, წინასწარმეტყველი იოელი იეჰოვას დღეს „დიდსა და საშინელს“ უწოდებს (იოელი 3:4). ბიბლიის თანახმად, ღვთის არსენალში შედის თოვლი, სეტყვა, მიწისძვრა, გადამდები დაავადებები, თავსხმა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა, დიდი არეულობა, ელვა და ხორცის ლპობით ტანჯვა* (იობი 38:22, 23; ეზეკიელი 38:14—23; აბაკუმი 3:10, 11; ზაქარია 14:12, 13). ბიბლიაში ასევე აღწერილია, რომ იმ დროს დახოცილი ადამიანები „ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“ (სსგ) და ფრინველებისა და მხეცების საკვებად იქცევიან (იერემია 25:33, 34; ეზეკიელი 39:17—20). ამ ომის დროს ღვთის მტრებს საშინელი შიში შეიპყრობს (გამოცხადება 6:16, 17).
ნიშნავს ეს იმას, რომ ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულ თაყვანისმცემლებს უნდა ეშინოდეთ იმ გასაოცარი მოვლენების, რომლებიც არმაგედონში მოხდება? არავითარ შემთხვევაში. ეს ბრძოლა ღვთის მორჩილ ადამიანებს არ შეეხებათ. უფრო მეტიც, იეჰოვა მათ დაიცავს. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მოკრძალებას მოჰგვრის ღვთის შიშის მომგვრელი ძალის გამოვლენა (ფსალმუნები 36:34; იგავები 3:25, 26).
საყურადღებოა მოციქულ იოანეს სიტყვები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა: „ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“. „წინასწარმეტყველების სიტყვებში“ არმაგედონის შესახებ გაფრთხილებაც შედის (გამოცხადება 1:3; 22:7). შეიძლება, რომ არმაგედონზე ფიქრისას ადამიანი ბედნიერი იყოს?

ღმერთი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს
როდესაც რომელიმე ტერიტორიას ტაიფუნი უახლოვდება, ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს ხალხის სიცოცხლეზე და აფრთხილებს მათ. მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ხშირად პოლიცია აფრთხილებს ხალხს გამაფრთხილებელი სისტემების მეშვეობით ან უშუალოდ კარდაკარ ჩამოვლით. ამის მიზანი ხალხის შეშინება კი არაა, არამედ ის, რომ მათ გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდონ. გონიერი ადამიანები ეხმაურებიან გაფრთხილებას. ვინც გაფრთხილების შესაბამისად მოქმედებს, მოგვიანებით არ ნანობს.
იმავეს თქმა შეგვიძლია ღვთის გამაფრთხილებელ ცნობაზე, რომელიც ეხება მოახლოებული არმაგედონის „ქარიშხალს“ (იგავები 10:25). იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით წინასწარ გვეუბნება, თუ რა მოხდება. მისი მიზანი ჩვენი შეშინება არ არის. ღმერთს სურს ხალხის გაფრთხილება, რათა მათ მოინანიონ და მიიღონ ზომები მისდამი მსახურების დასაწყებად (სოფონია 2:2, 3; 2 პეტრე 3:9). ამგვარად მოქმედება კი მათ გადარჩენის საშუალებას მისცემს. ასე რომ, მოახლოებული არმაგედონის შიში არ უნდა გვქონდეს. პირიქით, შეგვიძლია მომავალს რწმენით ვუყუროთ და გვჯეროდეს, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32, აქ).
[სქოლიო]
უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის ზოგი ნაწილი „ნიშნებით“ ანუ სიმბოლური ენით არის დაწერილი (გამოცხადება 1:1). ამიტომ ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ პირდაპირი გაგებით რა საშუალებებს გამოიყენებს ღმერთი იქიდან, რაც ამ წინასწარმეტყველებებშია მოხსენიებული.


ინფორმაციის წყარო: უნდა გქონდეთ არმაგედონის შიში?

არმაგედონი

არმაგედონი
განმარტება: ბერძნული სიტყვა „ჰარ-მაგედონ“, რომელიც, ჩვეულებრივ, „არმაგედონად“ ითარგმნება, ნასესხებია ებრაულიდან და ნიშნავს „მეგიდოს მთას“ ანუ „ჯარების თავშეყრის მთას“. ბიბლია ამ სიტყვას „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უკავშირებს და არა ბირთვულ განადგურებას (გამოცხ. 16:14, 16). ეს სიტყვა მიუთითებს «ადგილზე [ბერძნულად „ტოპონ“, რაშიც გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება მდგომარეობა ან ვითარებაც იგულისხმებოდეს]», სადაც მსოფლიოს პოლიტიკური მმართველები, ასე ვთქვათ, იკრიბებიან იეჰოვასა და მისი სამეფოს წინააღმდეგ, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში. ეს წინააღმდეგობა გამოვლინდება იმაში, რომ ისინი მთელ მსოფლიოში დაუპირისპირდებიან იეჰოვას მსახურებს, ღვთის სამეფოს წარმომადგენლებს.

მისცემს ღმერთი ადამიანებს იმის უფლებას, რომ დედამიწა ბირთვული იარაღით გაანადგურონ, რასაც ზოგი არმაგედონთან აკავშირებს?
ფსალმ. 96:10: «გამეფდა იეჰოვა. მიწაც [ებრაულად „თეველ“, ანუ ნაყოფიერი და დასახლებული დედამიწა] დაფუძნდა და არ მოირყევა».
ფსალმ. 37:29: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.
გამოცხ. 11:18: „ხალხები განრისხდნენ, მოვიდა [იეჰოვა] შენი რისხვა და დანიშნული დრო, რათა . . . მოსპო დედამიწის მომსპობნი“.
რას გულისხმობს ბიბლია სიტყვა „არმაგედონში“?
გამოცხ. 16:14, 16: „ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს. შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“.

მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მოხდება არმაგედონი?
ყველა ქვეყნის მმართველები და შეიარაღებული ძალები გაერთიანდებიან ღვთის წინააღმდეგ.
გამოცხ. 16:14: „ისინი . . . მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“.
გამოცხ. 19:19: „ვიხილე მხეცი [ადამიანთა პოლიტიკური მმართველობა], დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“.
იერ. 25:33: „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“.
სიტყვა „არმაგედონი“ არ მიუთითებს იმაზე, რომ ბრძოლა მეგიდოს მთასთან მოხდება.
სინამდვილეში მეგიდოს მთა არ არსებობს. იქ, სადაც ძველი მეგიდოს ნანგრევებია შემორჩენილი, არის მხოლოდ ბორცვი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 21 მეტრია.
„მთელი მსოფლიოს“ მეფეები და სამხედრო ძალები ვერ დაეტევიან ეზდრაელონის ველზე, მეგიდოს დაბლა. ველს სამკუთხედის ფორმა აქვს, სიგრძეში 32 კილომეტრია, სიგანეში კი (აღმოსავლეთისკენ) 29 კილომეტრი („The Geography of the Bible“, დენის ბეილი, ნიუ-იორკი, 1957, გვ. 148).
ეს სახელწოდება შესაფერისია, თუ გავითვალისწინებთ ისტორიაში ქალაქ მეგიდოს როლს. მეგიდოს დაბლა მდებარე ველზე გადამწყვეტი ბრძოლები იმართებოდა.
იეჰოვამ იქ დაამარცხებინა მსაჯულ ბარაკს ქანაანელთა ჯარის მეთაური სისერა (მსაჯ. 5:19, 20; 4:12—24).
ეგვიპტის ფარაონ თუტმოს III-ს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „რაღა ათასი ქალაქი აგიღია და რაღა მეგიდო!“ („Ancient Near Eastern Texts Relating to the Old Testament“, რედაქტორი ჯეიმზ პრიჩარდი, პრინსტონი, ნიუ-ჯერზი, 1969, გვ. 237).
მეგიდო (ნიშნავს „ჯარების თავშეყრას“) სათანადოდ არის ნახსენები, რადგან არმაგედონში იგულისხმება მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა, რომელთანაც კავშირი ექნებათ ყველა შეიარაღებულ ძალებს და მმართველთა სხვა მხარდამჭერებს.

ვინ ან რა განადგურდება არმაგედონში?
დან. 2:44: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს. . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.
გამოცხ. 19:17, 18: «ვიხილე აგრეთვე მზეში მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“».
1 იოან. 2:16, 17: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“.
გამოცხ. 21:8: „მხდალებისა და ურწმუნოების, ბინძურებისა და მკვლელების, მეძავების, სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა და ყველა მატყუარას ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“.

სამუდამო იქნება ეს განადგურება?
მათ. 25:46: «ესენი [ვინც სიკეთეს არ უკეთებს ქრისტეს „ძმებს“] მარადიულად მოიკვეთებიან».
2 თეს. 1:8, 9: „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ . . . სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“.

გადარჩება ვინმე?
სოფ. 2:3: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“.
რომ. 10:13: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.
ფსალმ. 37:34: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“.
იოან. 3:16: „ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
გამოცხ. 7:9, 10, 14: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ „ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან“».

რა მოუვათ არმაგედონში ბავშვებს?
ბიბლიაში პირდაპირი პასუხი არ არის ამ კითხვაზე და ამას ზუსტად ვერც ჩვენ ვიტყვით. ბიბლიიდან ჩანს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების შვილებს ღმერთი „წმინდებად“ მიიჩნევს (1 კორ. 7:14). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ძველ დროში ღმერთი ბოროტებს მათ ბავშვებთან ერთად ანადგურებდა (რიცხ. 16:27, 32; ეზეკ. 9:6). ღმერთს არავის განადგურება არ სურს, ამიტომ ის დღეს იძლევა გაფრთხილებას როგორც მშობლების, ისე შვილების გადასარჩენად. განა გონივრული არ იქნება, მშობლებმა ისეთი გზა აირჩიონ, რომ მათმა ბავშვებმა ახლაც და არმაგედონის დროსაც ღვთის თვალში წყალობა პოვონ?

თუ ღმერთს უყვარს ადამიანები, რატომღა ანადგურებს ბოროტებს?
2 პეტ. 3:9: „იეჰოვა მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“.
ლუკ. 18:7, 8: „განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია მათ მიმართ? გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს“.
2 თეს. 1:6: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ [მის მსახურებს] გაგდებთ გასაჭირში“.

შეიძლება ნეიტრალური პოზიციის დაკავება?
2 თეს. 1:8: „შურს იძიებს მათზე, ვინც [საკუთარი სურვილით] არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“.
მათ. 24:37—39: „როგორც ნოეს დროს არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“.
მათ. 12:30: „ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს“.
შეადარეთ მეორე კანონის 30:19, 20.

ვისი გავლენით გაილაშქრებენ სახელმწიფოები ღვთის წინააღმდეგ?
გამოცხ. 16:13, 14: „ვიხილე ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა, რომლებიც დრაკონის [სატანა ეშმაკის; გამოცხ. 12:9] პირიდან, მხეცის პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა. ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“.


შეადარეთ ლუკას 4:5, 6; 1 იოანეს 5:19; აგრეთვე საქმეების 5:38, 39; 2 მატიანეს 32:1, 16, 17.

აღსასრულის შესახებ ოთხ კითხვას პასუხი გაეცა

აღსასრულის შესახებ ოთხ კითხვას პასუხი გაეცა


იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ აღსასრული დადგებოდა. ამაზე საუბრისას მან თქვა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:14, 21).

იესოს სიტყვები აღსასრულის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიის სხვა მონაკვეთები უამრავ მნიშვნელოვან კითხვას წამოჭრის. ურიგო არ იქნებოდა, თუ გადაშლიდით ბიბლიას და გაიგებდით, რა პასუხს გასცემს ღვთის სიტყვა ამ კითხვებს.

1 რისი აღსასრული დადგება?
ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ პირდაპირი გაგებით დედამიწა განადგურდება: „მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). ბიბლია არც იმას ასწავლის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გლობალური კატასტროფით მოისპობა (ესაია 45:18). იესომ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი გადაურჩებოდა განადგურებას (მათე 24:21, 22). მაშ, ბიბლია რის აღსასრულზე საუბრობს?
დადგება ადამიანური მმართველობის აღსასრული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).
ბოლო მოეღება ომსა და გარემოს დაბინძურებას. ფსალმუნის 46:9-ე მუხლში აღწერილია, რას გააკეთებს ღმერთი: „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“. ბიბლია ასევე ამბობს, რომ ღმერთი „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).
მოისპობა დამნაშავეობა და უსამართლობა. ღვთის სიტყვა გვპირდება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).

2 როდის დადგება აღსასრული?
იეჰოვა ღმერთს აქვს „დანიშნული დრო“, რომ ბოლო მოუღოს ბოროტებას და დაამყაროს თავისი სამეფო (მარკოზი 13:33). მაგრამ ბიბლია თვალნათლივ მიუთითებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად გამოვთვალოთ აღსასრულის თარიღი. იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:36). თუმცა იესომ და მისმა მოწაფეებმა იწინასწარმეტყველეს, რა მოვლენები მოხდებოდა მანამ, სანამ აღსასრული დადგებოდა. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იმავე დროს, აღსასრული გარდაუვალი იქნება.
უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს პოლიტიკური, ეკოლოგიური და სოციალური ძვრები. იესომ მოციქულების კითხვებს აღსასრულის შესახებ ასეთი პასუხი გასცა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“ (მარკოზი 13:8). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—5).
მთელ მსოფლიოში მრავალ ენაზე მიმდინარეობს ქადაგება. იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

3 რა იქნება აღსასრულის შემდეგ?
ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის და იქ იცხოვრებს მარადიულად. იესო ასწავლიდა, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით შესრულდება. მან თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5; 6:9, 10). მათ, ვინც აღსასრულამდე დაიღუპება, ბიბლია მომავალში მკვდრეთით აღდგომის იმედს აძლევს (იობი 14:14, 15; იოანე 5:28, 29). რა იქნება აღსასრულის შემდეგ?
იესო, ღვთის სამეფოს მეფე, ზეციდან იმმართველებს. წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის [მკვდრეთით აღმდგარ იესოს] მსგავსი. მას ძველ დღეთასთან [იეჰოვა ღმერთთან] მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას [იესოს] მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:13, 14; ლუკა 1:31, 32; იოანე 3:13—16).
ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გაიხარებენ სრულყოფილი ჯანმრთელობით, უსასრულო მშვიდობითა და მარადიული სიცოცხლით. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21—23). მოციქულმა იოანემ დაწერა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

4  რა უნდა გააკეთოთ, რომ გადარჩეთ აღსასრულის დროს?
მოციქულმა პეტრემ იცოდა, რომ ზოგი, ვინც აღსასრულის პერიოდში იცხოვრებდა, არაფრად ჩააგდებდა იმ აზრს, რომ ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და ბოროტებას ბოლოს მოუღებს (2 პეტრე 3:3, 4). და მაინც, ის ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, შემდეგი ნაბიჯები გადადგან.
ისწავლეთ ისტორიიდან. ღმერთმა „არ დაინდო ძველი ქვეყნიერება, სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტრე 2:5). დამცინავების შესახებ პეტრემ თქვა: „მათ თავიანთი ნებისამებრ მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა. ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:5—7).
იცხოვრეთ ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმებით. პეტრემ დაწერა, რომ ისინი, ვისაც სურს, აღსასრულის დროს გადარჩნენ, სამაგალითონი უნდა იყვნენ „წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“ (2 პეტრე 3:11). აღსანიშნავია, რომ პეტრე ხაზს უსვამს „წმინდა საქციელს“ და „ღვთისადმი ერთგულებას“. გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მოჩვენებითი რწმენა ან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ბოლო წუთებში ღმერთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა.


როგორი საქციელია ღვთისთვის მისაღები? შეგიძლიათ შეადაროთ ის, რაც უკვე იცით, იმას, რასაც ბიბლია ასწავლის ამ საკითხზე. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამაში. სთხოვეთ მათ, გაჩვენონ თქვენივე ბიბლიიდან, თუ რატომ გპასუხობენ ასე. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ, ხვალინდელ დღეს მხნედ და იმედის თვალით შეხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ შიშია გამეფებული.