четверг, 17 апреля 2014 г.

უნდა გქონდეთ არმაგედონის შიში?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა გქონდეთ არმაგედონის შიში?

რა არის „არმაგედონი“? მარტივად რომ ვთქვათ, ამ სიტყვაში ნაგულისხმევია ვითარება ანუ შექმნილი პირობების ერთობლიობა, როცა ქვეყნიერების მმართველები იკრიბებიან ღვთისა და მისი სამეფოს წინააღმდეგ, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში. ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „გამოცხადებაში“, აღწერილია, რომ მოციქულმა იოანემ ნახა ხილვა, რომელშიც მმართველები უპირისპირდებიან ღმერთს და იკრიბებიან სიმბოლურ ადგილზე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება.
ბიბლიაში სიტყვა „არმაგედონი“ მხოლოდ ერთხელ გვხვდება, მაგრამ დღეს ზოგ ენაში მას საკმაოდ ხშირად იყენებენ გადატანითი მნიშვნელობით. ამ სიტყვაში გულისხმობენ დიდ თუ პატარა უბედურებებს — ბირთვული გენოციდით დაწყებული, კომპიუტერული ვირუსით დამთავრებული. ეგრეთ წოდებულ სამყაროს აღსასრულზე და არმაგედონის წინადღეებზე მრავალი პოპულარული წიგნია დაწერილი. ამ თემაზე დაწერილი წიგნების ერთი სერიის 60 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.
ზოგს არმაგედონის შიში აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ტერორისტებისა და აგრესორების მოქმედება, ასევე უბედურებები, რომელთა გაკონტროლების ძალაც ადამიანს არ შესწევს, გლობალური კატაკლიზმის მიზეზი გახდება და დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იარსებებს. სხვების აზრით, დანიშნულ დროს ღმერთი თვითონვე გაანადგურებს ჩვენს პლანეტას და ყველაფერს, რაც მასზეა. ასეთი მომავალი მართლაც შიშის მომგვრელია. მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში ‘ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს არმაგედონში საომრად შეკრება’? (გამოცხადება 16:14, 16).

განადგურდება დედამიწა?
არმაგედონში ყველა ადამიანი არ განადგურდება. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“ (2 პეტრე 2:9). ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი თავის უსაზღვრო ძალას სრულყოფილად გააკონტროლებს. მისი რისხვის სამიზნე მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც არ ემორჩილებიან ღვთის უზენაეს ძალაუფლებას. შემთხვევით არავინ დაიღუპება (ფსალმუნები 2:2, 9; დაბადება 18:23, 25).
ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა ღმერთს არ სურს ჩვენი პლანეტის განადგურება. ის ბოლოს მოუღებს ბოროტ ადამიანებს, რომლებიც უპირისპირდებიან მის მმართველობას. ღმერთი სწორედ ასე მოიქცა ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის დროს (დაბადება 6:11—14; 7:1; მათე 24:37—39).

შიშის მომგვრელი „დღე“
მოახლოებულ განადგურებასთან დაკავშირებული მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება ნამდვილად შიშის მომგვრელია. მაგალითად, წინასწარმეტყველი იოელი იეჰოვას დღეს „დიდსა და საშინელს“ უწოდებს (იოელი 3:4). ბიბლიის თანახმად, ღვთის არსენალში შედის თოვლი, სეტყვა, მიწისძვრა, გადამდები დაავადებები, თავსხმა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა, დიდი არეულობა, ელვა და ხორცის ლპობით ტანჯვა* (იობი 38:22, 23; ეზეკიელი 38:14—23; აბაკუმი 3:10, 11; ზაქარია 14:12, 13). ბიბლიაში ასევე აღწერილია, რომ იმ დროს დახოცილი ადამიანები „ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“ (სსგ) და ფრინველებისა და მხეცების საკვებად იქცევიან (იერემია 25:33, 34; ეზეკიელი 39:17—20). ამ ომის დროს ღვთის მტრებს საშინელი შიში შეიპყრობს (გამოცხადება 6:16, 17).
ნიშნავს ეს იმას, რომ ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულ თაყვანისმცემლებს უნდა ეშინოდეთ იმ გასაოცარი მოვლენების, რომლებიც არმაგედონში მოხდება? არავითარ შემთხვევაში. ეს ბრძოლა ღვთის მორჩილ ადამიანებს არ შეეხებათ. უფრო მეტიც, იეჰოვა მათ დაიცავს. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მოკრძალებას მოჰგვრის ღვთის შიშის მომგვრელი ძალის გამოვლენა (ფსალმუნები 36:34; იგავები 3:25, 26).
საყურადღებოა მოციქულ იოანეს სიტყვები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა: „ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“. „წინასწარმეტყველების სიტყვებში“ არმაგედონის შესახებ გაფრთხილებაც შედის (გამოცხადება 1:3; 22:7). შეიძლება, რომ არმაგედონზე ფიქრისას ადამიანი ბედნიერი იყოს?

ღმერთი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს
როდესაც რომელიმე ტერიტორიას ტაიფუნი უახლოვდება, ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს ხალხის სიცოცხლეზე და აფრთხილებს მათ. მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ხშირად პოლიცია აფრთხილებს ხალხს გამაფრთხილებელი სისტემების მეშვეობით ან უშუალოდ კარდაკარ ჩამოვლით. ამის მიზანი ხალხის შეშინება კი არაა, არამედ ის, რომ მათ გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდონ. გონიერი ადამიანები ეხმაურებიან გაფრთხილებას. ვინც გაფრთხილების შესაბამისად მოქმედებს, მოგვიანებით არ ნანობს.
იმავეს თქმა შეგვიძლია ღვთის გამაფრთხილებელ ცნობაზე, რომელიც ეხება მოახლოებული არმაგედონის „ქარიშხალს“ (იგავები 10:25). იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით წინასწარ გვეუბნება, თუ რა მოხდება. მისი მიზანი ჩვენი შეშინება არ არის. ღმერთს სურს ხალხის გაფრთხილება, რათა მათ მოინანიონ და მიიღონ ზომები მისდამი მსახურების დასაწყებად (სოფონია 2:2, 3; 2 პეტრე 3:9). ამგვარად მოქმედება კი მათ გადარჩენის საშუალებას მისცემს. ასე რომ, მოახლოებული არმაგედონის შიში არ უნდა გვქონდეს. პირიქით, შეგვიძლია მომავალს რწმენით ვუყუროთ და გვჯეროდეს, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32, აქ).
[სქოლიო]
უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის ზოგი ნაწილი „ნიშნებით“ ანუ სიმბოლური ენით არის დაწერილი (გამოცხადება 1:1). ამიტომ ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ პირდაპირი გაგებით რა საშუალებებს გამოიყენებს ღმერთი იქიდან, რაც ამ წინასწარმეტყველებებშია მოხსენიებული.


ინფორმაციის წყარო: უნდა გქონდეთ არმაგედონის შიში?

Комментариев нет:

Отправить комментарий